კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ხორვატიაში საქართველოს საელჩოს ვებ გვერდზე!
მისასალმებელი სიტყვა
საქართველოსა და ხორვატიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წელს დამყარდა და ამ თარიღის 30-ე წლისთავზე, 2023 წელს, ზაგრებში, ოფიციალურად გაიხსნა საქართველოს საელჩო. გახსნის ცერემონიალს დაესწრნენ საქართველოს და ხორვატიის პრემიერ-მინისტრები, საგარეო საქმეთა მინისტრები და სხვა ოფიციალური პირები.
მიუხედავად იმისა, რომ საელჩომ ზაგრებში მხოლოდ 2023 წელს დაიწყო ფუნქციონირება, ჩვენი ურთიერთობები ხორვატიასთან უკვე ძალზედ აქტიური, მჭიდრო და მეგობრულია. ხორვატია ჩვენი საიმედო პოლიტიკური პარტნიორი და გამორჩეული მხარდამჭერია ევროინტეგრაციის გზაზე.
საქართველოს და ხორვატიას ბევრი საერთო აქვს უახლესი ისტორიული მემკვიდრეობის თვალსაზრისითაც. ჩვენი ქვეყნები გამოირჩევიან მსგავსი კულტურულ-სოციალური თავისებურებებით, გვაქვს დაახლოებით ერთი და იგივე სიდიდის ტერიტორია, გვყავს თითქმის ერთი და იგივე რაოდენობის მოსახლეობა, მსგავსი ეთნიკური მრავალფეროვნებით. ჩვენ, ეკონომიკური მიმართულებების მხრივაც ბევრი გვაქვს საერთო, რასაც განვითარება და გაფართოება სჭირდება. ამ თვალსაზრისით ბევრი რამ კეთდება ბოლო პერიოდის განმავლობაში. საუკეთესო პერსპექტივები იკვეთება ასევე, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის კუთხით.
მე და ჩემს კოლეგებს ზაგრებში, საქართველოს საელჩოში, გვაქვს პატივი ხელი შევუწყოთ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას და გაფართოებას საქართველოსა და ხორვატიას შორის. გთავაზობთ, რომ ჩვენი საიტის მეშვეობით უფრო ახლოს გაეცნოთ საქართველოს და თქვენც მიიღოთ მონაწილეობა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების შემდგომ განვითარებაში!