საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დუბროვნიკის 2026 წლის ფორუმში მიიღო მონაწილეობა.
2026 წლის 26-27 ივნისს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ხორვატიაში, სადაც ხორვატიის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრის, გორდან გრლიჩ რადმანის მიწვევით, დუბროვნიკის 2026 წლის ფორუმში მიიღო მონაწილეობა.
აღნიშნული ფორუმი წარმოადგენს საერთაშორისო დიალოგის მნიშვნელოვან პლატფორმას, სადაც მინისტრები და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები საერთაშორისო პოლიტიკის, უსაფრთხოების, რეგიონული თანამშრომლობისა და გლობალური გამოწვევების აქტუალურ საკითხებზე, ასევე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე მსჯელობენ.
ფორუმის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიებში, სადაც ყურადღება გაამახვილა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, რეგიონში არსებულ ვითარებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
ვიზიტის ფარგლებში, ასევე გაიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრები კოლეგა მინისტრებთან და მაღალი დონის ოფიციალურ პირებთან.
